„გაგრას“ დაარსების სათავეებთან გოდერძი ჩიხრაძე იდგა. 21-ე საუკუნის მიჯნაზე ის თბილისის „ლოკომოტივის“ დიდ გუნდში მუშაობდა და კლუბის აკადემიას ხელმძღვანელობდა. 2003-2004 წლებში ჭაბუკთა ლიგის პირველი გათამაშება ჩატარდა. ამ ტურნირზე მხოლოდ უმაღლესი ლიგის გუნდებს შეეძლოთ მონაწილეობა. ძალიან ძლიერი ტურნირი გოდერძი ჩიხრაძის გუნდის ჩემპიონობით დასრულდა. „ლოკომოტივმა“ მაშინ 50 ქულა მოაგროვა. მაგალითისთვის, თბილისის „დინამოს“ მხოლოდ 44 ქულა ჰქონდა. იმ სეზონში „ლოკომოტივის“ ჭაბუკთა ლიგის უფროსმა ასაკობრივმა გუნდმა დუბლი შეასრულა, – ჩვენი ქვეყნის ჩემპიონიც გახდა და თასის მფლობელიც. ამ გუნდში 1985-1986 წელს დაბადებული ჭაბუკები თამაშობდნენ.
„როცა პერსპექტიული ბიჭები გამოჩნდნენ, დაიბადა სურვილი შეგვექმნა ახალი საფეხბურთო კლუბი. ამ სურვილს ბესო ჩიხრაძე გამოეხმაურა. ჩვენ შევხვდით და ერთობლივად გადავწყვიტეთ გუნდისთვის „გაგრა“ დაგვერქვა“, – იხსენებს კლუბის ვიცე-პრეზიდენტი გოდერძი ჩიხრაძე.
ასე დაიბადა საფეხბურთო კლუბი „გაგრა“. ჩვენი ქვეყნის თასის მფლობელი.

პირველ ლიგაში “გაგრა” მუდამ ცხრილის ზედა ნაწილში ხვდებოდა, მაგრამ უმაღლესში გადასვლას ვერ ახერხებდა. 2007 წელს ფლეი-ოფში საჩხერის “ჩიხურასთან” დამარცხდა, 2008 წელს – ცხინვალის “სპარტაკთან”.

2008 წლის 31 მაისს პროფესიული ფეხბურთის ლიგის გამგეობამ უმაღლესი ლიგის საგზურის მფლობელის, პირველი ლიგის გამარჯვებულის ჭიათურის “მაღაროელის” საკითხი განიხილა და რადგან იმერულმა კლუბმა ლიცენზირების კრიტერუმები ვერ დააკმაყოფილა და ვერც ფინანსური გარანტიები წარადგინა, 2008/09 წლების ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გათამაშებაში მონაწილეობის უფლება ჩამოართვა და მის ნაცვლად საუმაღლესო ლიცენზიის მქონე “გაგრა” დაუშვა.

“2010/2011 – პირველი დიდი წარმატება”

2010-11 წლების სეზონი “გაგრასთვის” ყოველმხრივ გამორჩეული გახლდათ: გუნდი პირველი ლიგის ჩემპიონი და ქვეყნის თასის მფლობელი გახდა. ასეთი წარმატებული სეზონი გუნდს მისი დაარსების დღიდან არ ჰქონია და რა გასაკვირია, რომ წლის აღმოჩენად ჟურნალისტებმა სწორედ “გაგრა” დაასახელეს.

რაც მთავარია, გუნდის წარმატება შემთხვევითობად არავის მიუჩნევია. გუნდმა თასის გათამაშებაში ლამაზ, შემტევ სტილში დაამარცხა ფოთის “კოლხეთი”, თბილისის “დინამო”, ნახევარფინალიდან “ვიტ ჯორჯია” გამოაგდო, ფინალში კი ქუთაისის “ტორპედოს” სძლია.

“2011 – დებიუტი ევროასპარეზზე”

2011 წელი “გაგრასთვის” მართლაც განსაკუთრებული იყო: გუნდმა უმაღლესი ლიგის საგზურიც უპრობლემოდ მოიპოვა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოს თასიც დაისაკუთრა და ახალგაზრდულ გუნდს ევროტურნირებზე დებიუტიც ჰქონდა, სადაც მისსავით ლტოლვილ “ანოირთოსისს” შეხვდა.

პირველი შეხვედრა გაგრელებმა სტუმრად, ანგარიშით 3-0 დათმეს, თუმცა თავი არ შეურცხვენიათ და განცდილი მძიმე მარცხის მიუხედავად, ზესტაფონში გიორგი გაბედავასა და გიორგი ტყეშელაშვილის გოლებით, ანგარიშით 2-0 დაამარცხეს მეტოქე.

“2017 – პირველი ზამთრის თასი გაგრაში გაემგზავრა”

მეტნაკლებად წარმატებული გამოდგა 2017 წელიც, მიუხედავად იმისა, რომ გაგრამ ეროვნული ლიგის საგზურის მოპოვება ვერ შეძლო, ისტორიაში შევიდა როგორც საქართველოს პირველი ზამთრის თასის გამარჯვებული. გაგრელებმა ტურნირზე 5 ჩატარებული შეხვედრიდან 5-ვე მოიგეს და თასს დაეუფლნენ.